კრედიტის ასაღებად ყალბი სახელფასო ცნობები დაამზადეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენების და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე ბრალდებულის სახით ოთხი პირი პასუხისგებაში მისცა, - ამის შესახებ report.ge-ს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში, სხვა პირებთან ერთად, დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და სახელფასო ცნობები ერთ -ერთ კომერციულ დაწესებულებაში თითქოსდა მუშაობის შესახებ, რომლებიც შემდგომში, სხვადასხვა პირებმა, საბანკო დაწესებულებებში კრედიტის მისაღებად გამოიყენეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.