ბანკში 7 მძევალი იყო - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც report.ge უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი - 1993 წელს დაბადებული ნ.წ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ნ.წ. თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და 7 ადამიანი მძევლად აიყვანა.

ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.