ბათუმში მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს

შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში განზარხ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. 1974 წელს დაბადებული მამაკაცს ბრალად 8 ოქტომბერს მეზობელი ძმების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა და ერთ-ერთი მათგანის მკვლელობა ედება. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ღამით, ბათუმში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს - 1972 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მიღებული დაზიანებების შედეგად, ტ.კ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი ა.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს.