30 წლის კაცი ,,საქართველოს ბანკს" თავს დაესხა და 18 ათასი ლარი გაიტაცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ყაჩაღობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა.

1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ა.შ. - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ლ. მიმდინარე წლის 25 ივნისს, ფონიჭალაში მდებარე "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრს ყაჩაღურად თავს დაესხა და იარაღის მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი თანხა - 18 168 ლარის ოდენობით.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 2300 ლარი,. ა. შ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას კი ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი ნივთი, რომელიც მოწმის - ნ. ა.-ს ჩვენებით, მ.ლ.-მ ყაჩაღობის შემდგომ გადასცა ა.შ.-ს.

პოლიციამ მოწმე ნ.ა.-ს ბინის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით მედიკამენტები ამოიღო. მისი განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტები მ.ლ.-მ მიმდინარე წლის 20 ივნისს, ერთ-ერთ აფთიაქზე ყაჩაღური თავდასხმის დროს გაიტაცა და შესანახად გადასცა მას", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.