გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

ყოფილი პარლამენტარისა და ბიზნესმენის, გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. 

,,შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია თავად ბუსა ჟვანიაც, რომელიც ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმები კომენტარს არ აკეთებენ. 

ცნობისთვის, ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება დაჭრილი ლევან თოფაძეც. მისი მდგომარეობა მძიმეა.