გორში ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ქვები ესროლეს

გორში, გარსევანიშვილის პირველ ნომერში, ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ქვები ესროლეს. დამსხვრეულია შენობის შუშები, დაზიანებულია ტექნიკა. აღნიშნულ ფაქტზე 51 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა",- აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.