გორში, მასწავლებელს არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ

გორში, 60 წლამდე პედაგოგს 12 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ. 

სავარაუდო ეჭვმიტანილი, გარდა სპორტის მასწავლებლობისა, არის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი. ის საქმიანობას ამ დრომდე აგრძელებს. 

დანაშაული დაახლოებით 1 კვირის წინ საჯარო სკოლაში მოხდა. ბავშვმა მოგვიანებით ფაქტის შესახებ სხვა პედაგოგს უამბო, მან კი შსს-ს მიმართა. 

სავარაუდო მოძალადე ჯერჯერობით დაკავებული არ არის, თუმცა შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

მომხდარზე არ საუბრობს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლის ოჯახი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეს 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.