კახეთში გასულ წელს ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული გ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 წლის ნოემბერში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, საავტომობილო გზაზე, 1976 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს ავტომობილით განზრახ შეეჯახა, 1984 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს კი ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ძებნილი გ.ი., რამდენიმეთვიანი ინტენსიური საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულის სახით დააკავეს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს," - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.