ნარკორეალიზატორი მომხმარებელს საკურიერო ზურგჩანით და სკუტერით ემსახურებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ტ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს, - ინფრომაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თავისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესანიღბად, ერთ-ერთი საკურიერო მომსახურების ზურგჩანთას და სკუტერს იყენებდა, რისი საშუალებითაც გადაადგილდებოდა ქალაქის სხვადასხვა მისამართებზე.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.