ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესა და თბილისის მერობის კანდიდატზე, ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს, საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ისნის 62-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც საარჩევნო უბნის მიმდებარედ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ისნის 62-ე საარჩევნო უბანში, სადაც შეკრებილი იყვნენ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერები, თბილისის მერობის კანდიდატი - ნიკანორ მელია მხარდამჭერებსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

საარჩევნო უბანში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რა დროსაც ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ნიკანორ მელიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებენ შსს-ში.