ორი პირი ვარკეთილში მაღაზიას თავს დაესხა და იარაღის მუქარით თანხა გაიტაცა

სამართალდამცველებმა 2000 წელს დაბადებული ნ.ა. და 1997 წელს დაბადებული რ.ს. ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, ვარკეთილში მდებარე შპს “ივერიას” საბითუმო მაღაზიას ყაჩაღურად თავს დაესხნენ და იარაღის მუქარით დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს.

სამართალდამცველებმა გატაცებული თანხის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

დანაშაული 6 დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.