პოლიციამ ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ქობულეთში მომხდარი, ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნეს. ძარცვის ბრალდებით დაკავებულია 1986 წელს დაბადებული გ.მ. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. 

უწყების ცნობით, ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქქობულეთში, "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯიას" ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული - 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"სამართალდამცველებმა გ.მ. ქობულეთში დააკავეს. პოლიციამ, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო", - აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.