პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - VIDEO

საპატრულო პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი.

„ბრალდებულმა თბილისში, 26 მაისის მოედანზე, 1968 წელს დაბადებულ გ.თ.-ს იარაღის მსგავსი საგნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 1100 ლარი წაართვა და მიიმალა. დაზარალებულმა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ა.თ.-ს გარეგნული ნიშნები აღუწერა და მისი წასვლის მიმართულება მიუთითა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულს ერთ-ერთი კაზინოს ვესტიბიულში მიაკვლიეს. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად პოლიციამ უკანონოდ მოპოვებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.