სასაფლაოზე ცხედარი იპოვეს - ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ზ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, კასპში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 1987 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ზ.კ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, 14 მარტს, კასპის ერთ-ერთ სასაფლაოზე 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.