შემოსავლების სამსახურთან მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ძალადობის, მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში მამაკაცი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ვ.-მ მიმდინარე წლის 12 თებერვალს, სამსახურებრივი უთანხმოების გამო, თავის ყოფილ თანამშრომელ ქალს, 1994 წელს დაბადებულ ნ.ე.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ასევე, ბრალდებულმა ყოფილ თანამშრომლებს - 1984 წელს დაბადებულ ი.ხ.-სა და 1990 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა თ.ვ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118- ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ძალადობას და მუქარას გულისხმობს.