შურისძიების მოტივით მცხეთაში კაცი მოკლეს

საქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. ამის შესახებ report.ge-ს უწყებიდან აცნობეს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ბ.ი.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნით დ.ჩ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ჩ. საავადმყოფოში 14 ივნისს გარდაიცვალა.

ვინაიდან ბ.ი. თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.