სპეცოპერაცია იმერეთში - ვინ დააკავა პოლიციამ - VIDEO

პოლიციამ იმერეთში „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ერთი პირი, 1968 წელს დაბადებული მ.გ დააკავა, - ამის შესახებ report.ge-ს შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა მიმდინარე წლის 12 მარტს, "ქურდული სამყაროს" წევრების, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჯ.ი.-სა და გ.წ.-ს ორგანიზებით მოწყობილ „ქურდულ შეკრებაში“, რომლის გადაწყვეტილების თანახმად, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს საწარმოს მოგების 30%-ის გადახდა დაეკისრა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, მ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

მ.გ.-ს მიმართ გამოძიება სსკ-ის 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, უწყების ცნობით, პოლიციამ ხსენებული "ქურდული გარჩევის" ორგანიზატორები, წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. მიმდინარე წლის აპრილში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დააკავა.