კახეთში ორი ადამიანის დაჭრისთვის დეპუტატი დააკავეს

სამართალდამცველებმა კახეთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატი გიორგი ჭინჭარაული დააკავეს. 

როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი - 1982 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ჭ.-ს და 1994 წელს დაბადებულ მ.ჭ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.