ტაქსის მძღოლი მოკლა, ავტომობილში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა

სამართალდამცველებმა 1997 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ნ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ report.ge-ს უწყებიდან აცნობეს. 

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის მძღოლს - 1956 წელს დაბადებულ დ.შ.-ს სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოკლულის ავტომობილში მოათავსა, ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.