ზუგდიდში დააკავეს პირი, რომელსაც 10 წელი ეძებდნენ

სამართალდამცველებმა დააკავეს 33 წლის მამაკაცი, რომელიც 10 წლის განმავლობაში იძებნებოდა. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძებნილი პირი - 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

გ.მ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გ.მ.-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ხოლო 2010 წლის აგვისტოდან, მასზე ძებნა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობდა", - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი ქურდობას გულისხმობს.