"tv პირველის" ოპერატორებს მიკროფონები გასტაცეს

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

მათი ცნობით, ბრალდებულებმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორებს: 1999 წელს დაბადებულ გ.შ.-სა და 1999 წელს დაბადებულ ბ.ქ.-ს „TV პირველის" კუთვნილი მიკროფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, თბილისში ორი პირი: 1993 წელს დაბადებული ფ.მ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია" - ნათქვამია ინფორმაციაში. 

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.