ნათია თურნავასთვის წყალტუბოში ქონების 1 ლარად გასხვისება უმნიშვნელო დეტალებია

"მთავარი ის არის, რამხელა კონტრიბუციას აპირებს ბიძინა ივანიშვილი და არა ასეთი მცირე დეტალები”, - ასე უპასუხა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, გამორიცხავს თუ არა ნათია თურნავა ბიძინა ივანიშვილისთვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემას.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, მთავრობის ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგში წყალტუბოს პრივატიზების თემა არ დგას.
„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არის ნამდვილად რევოლუციური გარღვევა იმ თვალსაზრისით, რომ მთავრობები ვერ გაუმკლავდნენ დღემდე, მათ შორის ჩვენც ვერ გავუმკლავდით ბოლომდე იმ ამოცანას, რასაც ჰქვია წყალტუბოს ასეთი სისტემური მიდგომის მეშვეობით აღორძინება. მან გამოიჩინა ეს ინიციატივა. რა ფორმით მოხდება ეს, როგორ მოხდება, რა ვადებში და ა.შ. ეს არის ის დეტალები, რომლებზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ იმიტომ, რომ ეს ინიციატივა გაჟღერდა გუშინ, მაგრამ მთავარი არის, რომ ეს ადამიანი ქველმოქმედების ფარგლებში, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე მზადაა, რესურსული მხარე აიღოს თავის თავზე, სისტემური მიდგომა შეკრას და ლოკომოტივის ფუნქცია შეასრულოს სხვა ბიზნესებთან ერთად”, - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ „წყალტუბოს საკითხი მთავრობების წინაშე ბოლო 20 წელია, რაც დგას”.
მინისტრის თქმით, წყალტუბოში ინვესტიცია დიდ ფულად რესურსებთანაა დაკავშირებული, ბიზნეს-რისკებთანაც არის დაკავშირებული. ამიტომ, თურნავა ფიქრობს, რომ ცალკეული ინვესტორები ამას ვერ უმკლავდებიან.

"გამოიკვეთა აუცილებლობა ასეთი სისტემური მიდგომის და მძლავრი ინიციატივის, რომელიც ნაწილ რისკებს თავის თავზე აიღებს, შეასრულებს ყინულმჭრელის ფუნქციას," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.