2020 წელს სამშენებლო სექტორში 85 200 ადამიანი იყო დასაქმებული

სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. შესაბამისად, მისმა კლებამ ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება გამოიწვია. 2019 წელს მშენებლობებზე 101,400 კაცი მუშაობდა, 2020 წელს კი 16%-ით ნაკლები – 85,200. 

სამშენებლო სექტორში შექმნილი პრობლემების გამო, ამ სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი შემცირდა. 2019 წელთან შედარებით სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1.5%-ით შემცირდა და 1,816 ლარი შეადგინა. 2021 წლის პირველ კვარტალში სამშენებლო სექტორში საშუალო ხელფასმა 1,665 ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის პირველი კვარტალის საშუალო ხელფასზე 2.3%-ით ნაკლებია. შემცირების მიუხედავად, სამშენებლო სექტორზე მაღალი საშუალო ხელფასი 2021 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ საფინანსო სექტორსა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო საქმიანობაში იყო.

2019 წელს საქართ­­ველოში 10,749 სამშენებლო ნებართვა გაიცა 7.5 მლნ კვადრატული მეტრის ასაშენებლად. 2020 წელს ნებართვების რაოდენობა 1,185 ერთეულით (11%-ით) შემცირდა, ხოლო ნებართვამინიჭებუ­ლი სამშენებლო ფართობი – 2.3 მლნ კვადრატული მეტრით (31%-ით). 2021 წლის პირველ კვარტალში, 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, სამ­­შენებლო ნებართვების რაოდენობა ისევ შემცირდა 18%-ით, თუმცა ფართობის მიხედვით 237 ათასი კვადრატული მეტრით მეტ ფარ­­თობზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, რაც მიანიშნებს, რომ სამშენებლო სექ­­ტორში ზრდა დაიწყება.

საქართველოში შენობები ძირი­თადად თბილისსა და აჭარაში შენდე­ბა. 2019 წელს, ფართობის მიხედვით, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების 77% თბილისსა და აჭარაზე მოდიოდა, 2020 წელს მათი წილი 71%-მდე შემცირ­­და. 2020 წელს ყველაზე დიდი კლება აჭარაში იყო, გაცემული მშენებლობის ნებართვების სამშენებლო ფართობი 54%-ით შემცირდა, რაც 1.7 მლნ კვადრა­ტულ მეტრამდე ფართობის კლებაა.