2022 წელს გაზის ფასი შესაძლოა მაღალ ნიშნულზე დარჩეს

ბუნებრივი აირის მსოფლიო ფასები 2022 წელს შესაძლოა მაღალ დონეზე დარჩეს. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.

„მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსი ისეთია, რომ [გაზზე] ფასი საკმაოდ მაღალია. ვფიქრობ, მომავალ წელს ის მაღალ დონეზე შენარჩუნდება“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის იყო გრძელვადიანი გაზის კონტრაქტების მომხრე.

გაზის გლობალური ბაზარი წელს  აზიის მოთხოვნის მკვეთრი აღდგენისა და LNG-ის სიმძლავრის დეფიციტის ფონზე მიწოდების შეფერხების წინაშე აღმოჩნდა. აზიაში გაზზე გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია ფასების ზრდა და LNG-ის ძირითადი მიწოდების შეწყვეტა, რამაც ხელი შეუწყო ევროპაში კრიზისის გამწვავებას. ვითარებას ართულებდა გაზის საწყობებში მარაგის ნაკლებობა. ამ ფონზე, გაზის ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბზე ამ შემოდგომაზე ისტორიაში პირველად გადააჭარბა 1 000 აშშ დოლარს ათას კუბურ მეტრზე, ხოლო დეკემბერში - 2 000 აშშ დოლარს.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

რუსეთი ევროპისათვის გაზის მიწოდებას "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენით გეგმავს.

რუსული გაზსადენის, "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის მეშვეობით, ევროპისათვის ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

გერმანიის მარეგულირებლის მიერ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" სერტიფიცირების პროცედურის შეჩერების გამო, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, შესაძლოა, 2022 წლის მარტამდე გადაიდოს.