ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 40 პროცენტით გაიზარდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, აეროპორტში გადაყვანილ იქნა 629 618 მგზავრი, რაც 2018 წლის ცხრა თვის მაჩვენებელზე 179 201 მგზავრით მეტია.

საქართველო-რუსეთს შორის 8 ივლისს შეწყვეტილი პირდაპირი ავიამიმოსვლა ქუთაისის აეროპორტზე თითქმის არ აისახა, რადგან ფრენები აეროპორტიდან, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება.

რაც შეეხება თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს, ცხრა თვეში მგზავრთნაკადი მხოლოდ 0.68 და 2.01 პროცენტით გაიზარდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებელზე ნაკლებია.

ამასთან, საქართველოს აეროპორტებში ცხრა თვეში მგზავრთნაკადი ხუთი პროცენტით გაიზარდა.