აბასთუმნის ცაზე ავიატრასების მიმართულება, შესაძლოა, შეიცვალოს

BMG - ის ცნობით, აბასთუმნის ცაზე ავიატრასების მიმართულება შესაძლოა, შეიცვალოს. შედეგად საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც აღნიშნული ავიატრასებით სარგებლობენ, ახალ მიმართულებაზე გადაწყობა მოუწევთ, თუმცა მანამდე მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება გახდება საჭირო, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო კანონმდებლობაში. "საქაერონავიგაცია" და "სამოქალაქო ავიაციის სააგენტო" ამ თემაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც ობსერვატორიის მთავარი მკვლევარი შოთა ინასარიძე აცხადებს, ობსერვატორიის თავზე 3 ავიატრასა გადის, რაც მათ დაკვირვების პროცესს ხელს უშლის. საუბარია, რომ ავიატრასების გადაწევა მოხდეს ისე, რომ თვითმფრინავებმა ობსერვატორიის თავზე აღარ გაიაროს.მისი თქმით, ტრასების გადატანის აუცილებლობაზე ობსერვატორია წლებია საუბრობს, თუმცა აქამდე მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ახლა კი შემოთავაზება თავად ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღეს.

"ამის თაობაზე საქმის კურსშია ეკონომიკის სამინისტრო და განათლების სამინისტრო. შეგვპირდნენ, რომ ეს გაკეთდება აუცილებლად. ეს ხომ თავად გააკეთეს თავის დროზე, ეს ყველაფერი ხომ თავად დააშავეს. 90-იან წლებში ასე არ იყო, როგორც გაკეთეს, ისე უნდა გამოასწორონ.დიდი ხანია ვლაპარაკობთ ამაზე. კაციშვილი ჩვენ ყურადღებას არ გვაქცევდა აქამდე, ახლა წამოიწყეს იმიტომ, რომ ინიციატივა წამოვიდა სამინისტროდანაც.", - აცხადებს ინასარიძე.