"მომდევნო ორ წელიწადში საქართველოში 3500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას, თქმით, მომდევნო ორ წელიწადში ყველაზე მაღალანაზღაურებად, პერსპექტიულ დარგებში 3500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მინისტმა ამაზე "აწარმოე საქართველოშის" ინვესტიციების დეპარტამენტის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.


„ბოლო 7 წლის მანძილზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიური მაჩვენებელი 35%-ით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოში რეგიონის სხვა ქვეყნებთან და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით სამჯერ მაღალია FDI-ის წილი მშპ-ში. ძალიან დამაიმედებელია ბოლოდროინდელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მესამე კვარტლის შედეგები. რაც მთავარია, პრაქტიკულად გაორმაგებულია რეინვესტირებული მოგების მოცულობა. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს - ნდობა საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინვესტორების მხრიდან იზრდება, თუმცა ეს თვითკმაყოფილების საფუძველს არ გვაძლევს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2020 წელს ეს პოზიტიური ტენდენციები გაძლიერდეს. სწორედ ამისთვის შევიმუშავეთ ახალი პროაქტიური სტრატეგია, თუ როგორ მოვიზიდავთ უახლოეს 2 წელიწადში ინვესტორებს და როგორ გავზრდით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადს. ამ სტრატეგიის შედეგად მომდევნო ორ წელიწადში ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად ყველაზე მეტად მაღალანაზღაურებად, პერსპექტიულ დარგებში 3500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.