აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.

ახალი ანგარიშის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს მშპ-ს ზრდა 4.7 პროცენტი იქნება, 2020 წელს კი – 4.6 პროცენტი. ორივე შემთხვევაში პროგნოზი, წინა ანგარიშთან შედარებით, 0.3 პროცენტით შემცირდა.

პროგნოზის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში ინვესტიციების შემცირებული მოცულობა სახელდება.

საქართველოს მთავრობის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა წელს ქვეყანაში 4.5 პროცენტი იქნება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი კი – 4.6 პროცენტია.

ამასთან, აზიის განვითარების ბანკმა გაზარდა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები რეგიონის ქვეყნებისთვის – სომხეთისთვის 0.5 პროცენტით, 4.8 პროცენტამდე; აზერბაიჯანისთვის – 0.1 პროცენტით, 2.6 პროცენტამდე. 2020 წლისთვის სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დარჩა (4.5 პროცენტი), აზერბაიჯანის კი, 0.3. პროცენტით, 2.4 პროცენტამდე შემცირდა.