ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ 138 ათასი ტონა ტვირთი გადაზიდა

თურქული საინფორმაციო სააგენტოს, Anadolu-ს ცნობით, პანდემიის პირობებში, ბაქო-თბილისი-ყარსის სატრანსპორტო კორიდორის გამოყენებით თურქეთმა სავაჭრო პარტნიორებთან ტვირთბრუნვის შენარჩუნება შეძლო. სარკინიგზო მაგისტრალი თურქეთისათვის საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ გზად იქცა.

სატრანსპორტო კორიდორი პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან მნიშვნელოვანი გახდა, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთმა უკონტაქტო სავაჭრო ოპერაციებზე გააკეთა აქცენტი. თურქული სააგენტო წერს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსიი, ეს კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია. 

თურქეთის ყოფილი სატრანსპორტო მინისტრის, ახმეტ არსლანის ინფორმაციით, მარტის დასაწყისისთვის,  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდული იყო 138 ათასი ტონა ტვირთი. ქედან თურქეთში იმპორტმა დაახლოებით 77 ათასმა ტონამ შეადგინა, ექსპორტმა კი 60 ათასი ტონა. 

"პანდემიის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რკინიგზას. ბთყ-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ყასახეთის,აზერბაიჯანის, საქართველოს, უზბეკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, რუსეთის და ჩინეთის ტვირთბრუნვაში", - განაცხადა არსლანმა.