ბანკებში 36.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი აპრილისათვის 36.03 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 9.69 მლნ ლარით, ანუ 0.03%-ით მეტია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით ნაკლები). ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი (სებ) ავრცელებს.

სებ-ის მონაცემებით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 534.93 მლნ ლარით, ანუ 3.13%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.47%-ით შემცირდა). მოთხოვნამდე დეპოზიტები 544.62 მლნ ლარით, ანუ 2.88%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.59%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 36.36% შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 2.00% პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 1.52 პროცენტული პუნქტით).

მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.56% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.36%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.43%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.64%, ხოლო ევროს წილმა 13.86% შეადგინა.