ბანკებში არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 563.69 მლნ ლარით, ანუ 4.04%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.05%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 171.04 მლნ ლარით, ანუ 1.03%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.05%-ით).

აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.36% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.34%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.75%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.75%, ხოლო ევროს წილმა 13.85% შეადგინა.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 40.48 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.06 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.07 პროცენტული პუნქტით).