Bentley თანამშრომლების მეოთხედს სამსახურიდან დაითხოვს

პანდემიის გამო, ბრიტანული ავტომწარმოებელი Bentley, ხარჯების შესამცირებლად კომპანიიდან დაახლოებით მეოთხედი თანამშრომელის გათავისუფლებას გეგმავს.  

Financial Times-ის ცნობით, კომპანია 4200 დასაქმებულიდან, 1 000 ადამიანის დათხოვნას აპირებს. "ჩვენი შემოსავლები უკვე 25%-ით შემცირდა და მხოლოდ ნახევარი წელი გვრჩება იმისთვის, რომ ამ თანხის კომპენსირება მოვახდინოთ. ასე რომ, წელს საკმარისი მოგების მიღება ძალიან გაჭირდება", - ამბობს კომპანიის დირექტორი ედრიან ჰოლმარკი. 

Bentley, უკვე მესამე ბრიტანული ავტომწარმოებელია, რომელიც იძულებულია პერსონალის ნაწილი გაათავისუფლოს, რათა ხარჯების ოპტიმიზირება მოახდინოს. სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლების შესახებ, მანამდე  Mclaren-მა და Aston Martin-მა განაცხადა.

ბრიტანული მწარმოებლებისა და გადამყიდველების ორგანიზაციის (SMMT) განცხადებით, აპრილში, ქვეყანაში ავტოწარმოება პრაქტიკულად შეჩერდა. სულ 197 ავტომობილი შექმნეს, რაც 99,7%-ით უფრო ცოტაა ვიდრე 2019 წლის იგივე პერიოდში. მაისში სიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წარმოება 90%-ით შემცირდა.