ბიუჯეტის დეფიციტი დადგენილი ზღვარის ფარგლებში 2024 წელს ექცევა

წარმოდგენილი კანონპროექტით, 2021 წლის ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონით განსაზღვრული 3.0%-იანი ნიშნულის მიღმაა დაგეგმილი და 5.2%-ს შეადგენს. 

ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ,,საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტზე დასკვნაში.

დოკუმენტის მიხედვით, საშუალოვადიანი პროგნოზით, ბიუჯეტის დეფიციტი დადგენილი ზღვარის ფარგლებში 2024 წელს ექცევა (პროგნოზირებულია -2.4%-ის დონეზე).

"პანდემიით გამოწვეული მერყევი ეკონომიკური გარემოდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რაოდენობრივ მაჩვენებლებთან ერთად, კანონპროექტში წარმოდგენილი იყოს დეტალური ანალიზი და ხედვა, თუ რა ღონისძიებების/მიდგომების საშუალებით მოხდება საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტის კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში დაბრუნება," - ვკითხულობთ ანგარიშში.