ბიზნესი კომენდანტის საათის გადაწევას ითხოვს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტურიზმის კომიტეტი იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სექტორის დროულ აღდგენას შეუწყობს ხელს. საუბრობენ სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საჭიროებაზეც. 

„ამ გზით, ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის გარეშე დროულ რეაბილიტაციაზე საუბარი ნაადრევი იქნება. ასევე კომპანიების მიერ ცალკე გამოიყო კომენდანტის საათის პრობლემა, რადგან კომენდანტის საათი ნეგატიურ გავლენას ახდენს ბიზნესზე, იწვევს რა მთელი რიგ ობიექტური ხასიათის პრობლემებს, მათ შორის ზრდის ბიზნესის ოპერირების ხარჯებს, რაც პანდემიის გამო კომპანიებში არსებული ისედაც რთული ფინანსური მდგომარეობის ფონზე დამატებით მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესს“ - აღნიშნავენ ასოციაციაში. 

ტურიზმის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის თქმთ, უსაფრთხო ტურიზმის აღდგენა აუცილებელია. ტურიზმის აღდგენისთვის კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება:  კომპანიების თანამშრომლების სავალდებულო ტესტირებას, პოსტ-კოვიდური საერთაშორისო მოგზაურობის უახლეს ტენდენციებსა და კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებს მიწოდებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას.

მედეა ჯანიაშვილის თქმით, მიმდინარეობს ტურიზმის, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება პოსტკოვიდურ პერიოდში.

„ზოგადად ბიზნეს სექტორისა და ჩვენი წევრი კომპანიებისთვის ამ რთულ პანდემიურ ვითარებაში, უკიდურესად აუცილებელია, კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით, 23:00 საათამდე გადაწევა, ვინაიდან ბიზნესი და ქვეყნის ეკონომიკა, ისედაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და აუცილებელია გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები ამ ვითარების შესამსუბუქებლად. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს თხოვნას, ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც კომპანიების ასევე ამ კომპანიებში დასაქმებული თანამშრომლების სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად,“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.