ბიზნესის ახალი ეკოვალდებულებები პრემიერმა განმარტა

„ეკოლოგიური საკითხები მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ეს საკითხი გავიდა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარლამენტში მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალ კანონპროექტზე საუბრისას.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, კანონპროექტის უმთავრესი მიზანი გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების სამართლებრივი რეგულირებაა.

კანონპროექტის დამტკიცებით, შეიქმნება სამართლებრივი ბაზა, რომლის საფუძველზეც, გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში, ყველა საწარმოს და არა მხოლოდ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებს, ექნებათ ვალდებულება, განახორციელონ შესაბამისი შემცირება/აღმოფხვრის ღონისძიებები. ამ ღონისძიებების მაქსიმალურად მოკლე ვადაში გასატარებლად, კომპანიებმა/საწარმოებმა, საქმიანობის განხორციელებამდე, უნდა უზრუნველყონ მყარი ფინანსური რესურსის მობილიზება.