ბრაზილია შესაძლოა OPEC-ის წევრი გახდეს

ბრაზილია შესაძლოა OPEC-ის წევრი გახდეს. ინფორმაციას Bloomberg -ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი ბრაზილიის პრეზიდენტმა გამოთქვა. ჟაირ ბოლსონარუმ განცხადება ამის შესახებ ერ-რიადში მიმდინარე ფორუმზე (Future Investment Initiative) სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ბრაზილია გახდება მსოფლიოში ხუთ ან ექვს უმსხვილეს მწარმოებელთაგან ერთ-ერთი. ეს ძალიან კარგია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ნავთობის ფასების სტაბილიზაციას. ზოგი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ ბრაზილიას "ოპეკში" გაწევრიანება შეუძლია... მე ნამდვილად მსურს, რომ ბრაზილია გახდეს OPEC-ის წევრი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი, გვაქვს ნავთობის დიდი რეზერვები, იმაზე მეტი, ვიდრე - ბევრ OPEC-ის ქვეყანაში", - თქვა ბრაზილიის პირველმა პირმა.

OPEC-ში გაწევრიანების შესახებ საკითხის განხილვას ბრაზილიის პრეზიდენტი ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან აპირებს, რის შემდეგაც, უკვე ქვეყანა გარკვეულ, კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით.