ტენდერებში დარღვევებზე შემსყიდველ ორგანიზაციებთან 1,810 წერილია გაგზავნილი

შესყიდვების სააგენტო ახორციელებს კონკურსებისა და CMR მოდულის მეშვეობით წარმოდგენილი გამარტივებული შესყიდვების საშუალებით დადებული ხელშეკრულებების მონიტორინგს.

სულ განხორციელდა 70 (2018 წელს - 60) კონკურსისა და 74,307 (2018 წელს - 52,688) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულების მონიტორინგი.

სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევებზე შემსყიდველ ორგანიზაციებთან გაიგზავნა 1,810 წერილი (2018 წელს - 1,815). აქედან, 79 შემთხვევაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (2018 წელს - 116), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში სააგენტო შემოიფარგლა წერილობითი მითითებით-რეკომენდაციით.

ამის შესახებ აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს წლიურ ანგარიშში, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში, განხორციელდა  e P rocurement  სისტემაში ინტეგრირებული სერვისის - ავტომატური შეტყობინებების საშუალებით სხვადასხვა რისკ-ფაქტორებისა და კრიტერიუმების მიხედვით გაფილტრული „ხელშეკრულება დადებულია“ სტატუსის მქონე 13,414 (2018 წელს - 14,814) და „შეწყვეტილია“, „არ შედგა“ და „დასრულდა უარყოფითი შედეგით“ სტატუსის მქონე 1,678 (2018 წელს - 639) ელექტრონული ტენდერის სრულფასოვანი მონიტორინგი.

ამავდროულად, მოხდა სისტემაში პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით 8,067 (2018 წელს - 8,400) ელექტრონული ტენდერის მონიტორინგი.