დაწვიმებითი მორწყვა და მისი გამოყენების მეთოდი სოფლის მეურნეობაში

დაწვიმებით მორწყვას სპეციალისტები მოსავლიანობის ზრდის ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობად მიიჩნევენ. ამ მეთოდს დიდი გამოხმაურება აქვს საქართველოშიც, მაგრამ მაღალი ხარჯის გამო ნაკლებად გამოიყენება.  report.ge სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელ კობა კობალაძესთან შეეცადა გარკვევას,რას ნიშნავს დაწვიმებითი მორწყვა, როდის გამოიყენება იგი და რა ჯდება საშუალოდ 1 ჰა მიწის ფართობი მორწყვა დაწვიმების მეთოდით. 

როგორც კობალაძე განმარტავს, წყლის მიწოდების ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია. იგი გამოიყენება ყოველგვარი რელიეფის პირობებში. მის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ გაიოლებულია მექანიზაციის გამოყენება, წყლის რეგულარული მიწოდება, ფართობზე თანაბარი განაწილება, ჰაერის შეფარდებით ტენიანობის გაზრდა.

დასავლეთ საქართველოში, სადაც საკმაო რაოდენობით ნალექი მოდის, მცენარის კულტურა არ განიცდის ტენის ნაკლებობას და მორწყვასაც ნაკლებად საჭიროებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი, ქართლში და ნაწილობრივ კახეთში, განსაკუთრებით ვაზი და ხეხილი მორწყვის გარეშე მოსავალს ან არ იძლევა, ან მოსავალი უხარისხოა. 

,,დაწვიმებითი მორწყვა მორწყვის საუკეთესო მეთოდია, მაგრამ საქართველოში მისი გამოყენება ძალიან შეჩერებულია იმასთან შედარებით, რაც იყო. ამ ტიპის მორწყვის  დადებითი ეფექტია ის, წყლის წვეთების დაცემისას მცენარეზე არსებული დაავადება ან მავნებელი ჩაირეცხება. გარდა ამისა, სიცხეში სიგრილეს უწყობს ხელს ანუ მცენარეს გადახურებისგან იცავს. გარდა ამისა, დაწვიმებით მორწვას  წაყინვის წინააღმდეგ იყენებენ განსაკუთრებით ისეთ კულტურებში, როგორიცაა ვაზი, ციტრუსი და სხვა. მიუხედავად ამსია, ამ მეთოდის უარყოფითი ეფექტია საჭირო ენერგია (საწვავი, ელექტროენერგია და სხვა).  არსებობს გამოთქმა, ,,მილიონი ჩაქუჩი ზედაპირზე". ეს ნიშნავს, რომ როცა დაწვიმების შედეგად წარმოქმნილი წვიმის წვეთი ეცემა ნიადაგის ზედაპირს, ის, როგორც ჩაქუჩი, ამძიმებს და ამკვრივებს ნიადაგს. მსხვილი წვეთის შემთხვევაში, სიმძიმის ძალით შეიძლება დააწვეს მცენარეს და შეიძლება ან ფოთოლი მოტეხოს, დააზიანოს ან ნიადაგი გაამკვრივოს. ეს საკითხები აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. ამდენად, დაწვიმება არის პროგრესული და აღიარებული მეთოდი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსავლიანობის ამაღლებისთვის. უხდება ყველა კულტურას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მცენარის ზრდა-განვითარების ფაზები სწორად შეირჩეს. პროგრესული მეთოდია, მაგრამ უნდა იცოდე, როგორ გამოიყენო ", - ამბობს კობა კობალაძე.

რაც შეეხება ხარჯს, მისი ინფორმაციით, ფასი წყლის მიწოდების მოცულობით განისაზღვრება. 1ჰა-ზე მიწის ნაკვეთის დაწვიმებითი მორწყვა 20 ათას ლარამდე ჯდება. 

ამდენად, დაწვიმებით მორწყვა წარმოადგენს თანამედროვე და ეფექტურ საირიგაციო სისტემას, რომელშიც სპრინკლერი წყალს ჰაერში აფრქვევს და მიიღება წვიმის მსგავსი ეფექტი. სხვა მეთოდებით კი წყალი უშუალოდ ნიადაგს მიეწოდება.