დაზღვეული მოსავალის ღირებულება 134 მილიონ ლარს აღემატება

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 1 ივლისის მონაცემებით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 14,000-ზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 15 ჰექტრამდე მიწის ფართობი, ხოლო დაზღვეული მოსავალის ღირებულება 134 მილიონ ლარს აღემატება.

აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერთა რაოდენობა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს 40%-ით გაიზარდა.

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ფუნქციონირებს. დღემდე, პროგრამის მიმდინარეობის 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვის ანაზღაურებულმა ზარალმა 38,252,017 ლარი შეადგინა.