დღეიდან ჯარისკაცებს ხელფასები უნდა გაეზარდოთ. ამის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოქტომბერში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელფასები სამხედრო წოდების მიხედვით გაიზრდება და ის 100-დან 500 ლარამდე მერყეობს. მისი განცხადებით, ხელფასების მატება 2020 წლის პირველი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ჯარისკაცებს ხელფასები 2019 წლის 1 ნოემბრიდან გაეზრდებათ. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ბიუჯეტის გადაგეგმარება აუთვისებელი თანხების ხარჯზე მოხდა.
შეგახსენებთ, 30 სექტემბერს საქართველოს მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ის სფეროები დაასახელა, სადაც 2019-2020 წლებში ხელფასები გაიზრდება. მათ შორის ითქვა, რომ ხელფასები ჯარისკაცებსაც გაეზრდებოდათ, თუმცა თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ჯარისკაცები გაზრდილ სახელფასო სარგოს დღეიდან მიიღებენ.