ელექტროენერგიის ახალი ტარიფები ხვალ დადგინდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) 29 დეკემბერს, 12:00 საათზე საჯარო სხდომაზე განიხილავს კომპანიების - სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ მომართვებს სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით.

"სემეკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ტარიფების დადგენის პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, მის შესახებ საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას. ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, კომისია სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, მედიასაშუალებებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხების მოსმენა, საკითხთან დაკავშირებული პოზიციის დაფიქსირება ან/და კითხვის დასმა. სხდომაზე დისტანციური მონაწილეობისთვის ბმულის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, მედიის წარმომადგენლებმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pr@gnerc.org არაუგვიანეს 29 დეკემბრის 12:00 საათისა. სემეკი შეახსენებს დაინტერესებულ პირებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ამჟამად მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები დადგენილია 2017 წელს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სატარიფო მეთოდოლოგიების შესაბამისად, ახალი გრძელვადიანი ტარიფები ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან," - აცხადებენ სემეკში. 

ექსპერტები ელექტროენერგიის გაძვირებას პროგნოზირებენ. 

ცნობისთვის, საქართველოში 1 სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარება წლის განმავლობაში 3000 კვტ/სთ-ს შეადგენს. საშუალო ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, როგორც ენერგეტიკოსი განმარტავს, განახევრებული მაჩვენებელია. იმისთვის, რომ ჩვენ თუნდაც ბულგარეთს ან პოლონეთს დავეწიოთ 1 სულ მოსახლეზე მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობით, მინიმუმ, 4-5 წელია საჭირო, ისიც, ეკონომიკის ინტენსიური განვითარების პირობებში.