ევროკომისია ლიბანის დასახმარებლად პირველ ეტაპზე 33 მილიონ ევროს გამოყოფს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, მომავალი დახმარების საკითხიც განიხილება.
„პრემიერ-მინისტრ ჰასან დიაბს ვესაუბრე და ლიბანელი ხალხის მიმართ ევროკავშირის სამძიმარი და მხარდაჭერა გამოვხატე. ევროკავშირის კომისია პირველადი გადაუდებელი საჭიროებებისთვის 33 მილიონი ევროს მობილიზებას ახდენს და მომავალი დახმარების საკითხსაც განიხილავს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ორი დღის წინ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 137-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 5 000-ს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, 300 000-მდე მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა, უბედური შემთხვევისგან მიყენებული მატერიალური ზარალი კი, სავარაუდოდ, 5 მილიარდ დოლარს აღწევს.