ევროპაში გაზის ფასი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა

პირველად ისტორიაში, ევროპაში გაზის ფასი ICE ბირჟაზე ვაჭრობისას 1000 კუბურ მეტრზე 1000 აშშ დოლარს აჭარბებს.

ოქტომბრის ფიუჩერსების ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე  1031,3 აშშ დოლარს შეადგენს.

გაზის ფასების  ზრდა 11%-ს აღემატება.

შემოდგომაზე, გაზის ფასების ზრდის ფონზე, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებამ დაიწყო საგანგებო ზომების მიღება გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების შეზღუდვის მიზნით.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

Financial Times-სთან ინტერვიუში, უკრაინის გაზოპერატორის, GTS-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი მაკოგონმა განაცხადა, რომ ფასების ზრდა ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა.

ამავდროულად, "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენის მშენებლობა 10 სექტემბერს დასრულდა. რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის ამოქმედებას მომავალი თვიდან გეგმავს.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.