ევროპაში გაზის ფასმა, დღევანდელი სავაჭრო დღის დასაწყისში, 1000 კუბურ მეტრზე 1 150 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები.
ნიდერლანდებში TTF-ის ჰაბში გაზის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 1 155 დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა სავაჭრო დღის დახურვის ფასთან შედარებით 3%-ზე მეტია.
გასული სავაჭრო დღის დახურვისთვის, ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასები 6,5%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 119 აშშ დოლარს შეადგენდა.
ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.
Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.