ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები დაიწყო

დასავლეთ საქართველოში ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიების ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სამუშაო ჯგუფებია მობილიზებული. ისინი მონიტორინგს მავნებლის გავრცელების არეალსა და სიხშირეს უწევენ. იმ ტერიტორიაზე, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ჯგუფები „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მეშვეობით წერტილოვან შეწამვლას ახორციელებენ.

დასავლეთ საქართველოში - სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში 2500-ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი და 2300-ზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური დამონტაჟდა; საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა მეთხილე ფერმერებსა და მეფუტკრეებთან.

მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მოსახლეობასა და ფერმერებს მოუწოდებენ ჩართულობისაკენ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის რაოდენობა.