გახარია: მთავარია, ეკონომიკური ზრდა მოქალაქეების ყოველდღიურობაზე აისახოს

დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრა ბიუჯეტზე საუბრით დაიწყო. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სახელისუფლებო გუნდის ერთობლივი მუშაობის შედეგად დაბალანსებულია.

"ბიუჯეტში ავსახეთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა და გავითვალისწინეთ ფისკალური დისციპლინა კაპიტალურ ხარჯებთან ერთად. პარლამენტმა, მთავრობამ და სებ-მა კოორდირინებულად მუშაობა უნდა განაგრძოს ეფექტიანობისა და ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად. რაც მთავარია, ეკონომიკური ზრდა უნდა აისახოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე," - განაცხადა პრემიერმა გახარიამ.

მისი შეფასებით, ბიუჯეტში დეფიციტი 2.7%-ია, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას. პრემიერმა ლარის კურსის მოკლე შეფასებაც გააკეთა

"ეკონომიკაში გამოწვევები ბევრი გვაქვს და კოორდინაცია უნდა გაგრძელდეს. გამოწვევაა ლარის კურსი, რომელიც სოციალურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს. მთავრობა და ეროვნული ბანკი მანდატების შესაბამისად უნდა თანამშრომლობდეს და მიხარია, რომ ქვეყნის მთავარი ბანკის ნაბიჯები კურსის მოსათოკად სწორი და დროულია. ეროვნული ბანკის ინტერვეციებით ქვეყანაში გამოთავისუფლდება 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას. ამისთვის მთავრობა შემდეგი კვირიდანვე სექტორალურ შეხვედრებს დაიწყებს ბიზნესთან, რათა მინიმუმამდე შევამციროთ ყველა ის ფაქტორი, რამაც შეიძლება დროში გააჭიანუროს ამ ფულის ეფექტური ათვისება," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.