გალის სოფლებში თხილის მოსავლის 60% უკვე აიღეს

ოკუპირებული გალის სოფლებში თხილის მოსავლის 60% უკვე აიღეს. ადგილობრივი აგრონომი ვარლამ მებონია ამბობს, რომ 7 ათას ტონაზე მეტ მოსავალს ელოდებიან.

„ვფიქრობთ, რომ მოსავალს თვის ბოლომდე ავიღებთ. ტერიტორია, რომელზეც თხილის პლანტაცებია გაშენებული, დაახლოებით, 8 ათას ჰექტარს შეადგენს“, - უთხრა Report.ge-ს  ადგილობრივმა სპეციალისტმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს მოსავლიანობის მაჩვენებლები, შარშანდელთან შედარებით, საგრძნობლად გაუმჯობესდა. აგრონომი ამბობს, რომ გასულ წელს, მოსავლის 20% - ზე მეტი გაფუჭდა მავნებლის გამო. დღესდღეობით კი გატარებული შეწამლვითი ღონისძიებების შედეგად, მოსავლის 80% - ის შენარჩუნება მოხერხდა.1 კგ თხილის ფასი, ხარისხის შესაბამისად, 60 - 110 რუბლს შეადგენს.

აფხაზეთში წელს 12 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამირან კაკალიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პლანტაციები, დაახლოებით, 12 - 15 ჰექტარზეა გაშენებული.

ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ თხილის ექსპორტზე დაწესებული გადასახადის გაუქმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, შესაბამისი განკარგულება „მინისტრთა კაბინეტმა“ გასცა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „2019 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ თხილის პლანტაციებში ჩატარებული ღონისძიებები დადებითად აისახა წლევანდელ მოსავალზე“. 

აქვე აღნიშნულია, რომ მისი ძირითადი მოცულობა კერძო მეურნეობებზე მოდის, რაც ადგილობრივი მცხოვრებლების შემოსავლის ერთ - ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს.

თხილის ექსპორტზე „საბაჟო გადასახადის“ დაწესების შესახებ დადგენილება სოხუმმა 2018 წლის ივლისში მიიღო. კერძოდ, 1 კგ. ნაჭუჭიან თხილზე გადასახადი 10 რუბლს, ხოლო გარჩეული თხილზე - 10 რუბლს შეადგენდა.

შეგახსენებთ, წელს დასავლეთ საქართველოში თხილის ფასი გაორმაგებულია და სპეციალისტები მისი ფასის 1-2 ლარით ზრდას პროგნოზირებენ. საყურადღებოა ისიც, რომ ენგურის ხიდზე გადაადგილება 16-დან 60 წლამდე მამაკაცებს 250 ლარიანი სახდელის გადახდა უწევთ. 

სპეციალსიტები ამბობენ რომ ოკუპირებული აფხაზეთის გლეხებისთვის ქართულ ბაზართან წვდომა მისაღები, სასურველი და მომგებიანია თავისუფალი სავაწრო რეჟიმების და ევრობაზართან წვდომის თვალსაზრისით,  დე ფაქტი ხელისუფლება კი ამ შესაძლებლობას მათ უზღუდავთ.