გიორგი ჩიქოვანი: ნამახვანჰესი იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში დაგვეხმარება

"ნამახვანჰესი ჩვენი ენერგეტიკის ერთ-ერთი საკვანძო პროექტია, რომელიც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში დაგვეხმარება" - ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 430-მეგავატიანი ჰესის კასკადის წლიური გამომუშავება დაახლოებით 1,5 მილიარდი კვტ საათია, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

„ამ ციფრებიდანაც ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკულად ეს ობიექტი, რომელიც დაგვეხმარება შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება. მიმაჩნია, რომ ეს არის უმნიშნელოვანესი პროექტი არა მარტო ენერგეტიკისთვის, არამედ ეკონომიკისთვის. მოგეხსენებათ, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე ეკონომიკურად რთული ვითარებაა და შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკა ბევრ ასეთ პროექტს საჭიროებს, რათა მომდევნო წელს ეკონომიკურად უფრო ძლიერები შევხვდეთ“, - აღნიშნა ენერგეტიკის ფონდის დირექტორმა.