ქართლის რეგიონში სალთვისის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების პროცესს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნო.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,სამუშაოების დასრულების შემდეგ რეგიონში 2 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად მოირწყვება. აღდგენილი სისტემით 7 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
"გორის მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები უტარდება სალთვისის მაგისტრალურ და წყალგამანაწილებელ არხებს საერთო სიგრძით 30 კილომეტრი. პროქტი ასევე მოიცავს რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას“, - განაცხადა მან.
პროექტი 2022 წელს დასრულდება. მისი ჯამური ღირებულაბა 4 მილიონ ლარამდეა.