გორში 800 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასარწყავება გაუმჯობესდა

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ამჯერად გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავ სისტემაზე სამელიორაციო სამუშაოები დასრულდა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კირბალი-ბერშუეთის მონაკვეთზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხი გაიწმინდა.

განხორციელებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 800 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

აღდგენილი საირიგაციო არხით კირბალის, ზერტის, ბერშუეთის, სობისისა და ხურვალეთის მოსახლეობა ისარგებლებს. აღნიშნული სამუშაოები, ასევე, ნადარბაზევის წყალსაცავისთვის უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას.